Demaclenko – ს განცხადება
- ეკონომიკა
- მაისი 23, 2022
- 278
ბაკურიანის გათოვლიანების პროექტი, რომლისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს კომპანია MTA-მ აპრილში 137.8 მილიონი ლარის სავარაუდო ფასით გამოაცხადა შესყიდვა უკვე იქცა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთ კონტროვერსიულ საკითხად.
ეკონომიკის სამინისტროს კომპანია MTA-მ ამ ტენდერში თავდაპირველად ორი წინადადება მიიღო – ერთი HTI Group – Demaclenko-სგან 92 მილიონ ლარზე, მეორე 137.8 მილიონი ლარის კომპანია Technoalpin-ისგან. 17 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი კონსულტანტის Proalpe-ს და კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებით, ფასდაკლებას მიაღწიეს და პროექტის განხორციელებას 99.9 მილიონ ლარად Technoalpin-ს დაუკვეთავდნენ. თუმცა, 99.9 მილიონი ლარი თითქმის 8 მილიონი ლარით უფრო ძვირია, ვიდრე კომპანია HTI Group – Demaclenko-ს წინადადება. ამ უკანასკნელს აქვს ეჭვები, რომ მთის ტრასების სააგენტომ ეს ტენდერი სავარაუდოდ კორუფციული სქემით განახორციელა. ამის თაობაზე Demaclenko-ს დირექტორმა, ანდრეას ლამბახერმა განაცხადა, რომ საკითხზე შესაძლოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც მიმართონ, რადგან მთელი ეს პროცესი ბუნდოვანებით არის მოცული. ლამბახერის ეჭვებს ზრდის ისიც, რომ MTA-მ ტენდერი ელექტრონული სისტემის ნაცვლად დახურული კონვერტების მიღებით ჩაატარა.
დღეს, HTI Group – Demaclenko ჯგუფმა განაცხადა, რომ მზად არიან მათ მიერ წარდგენილი ფასი – 92 მილიონი ლარი კიდევ უფრო შეამცირონ და სახელმწიფოს ეს პროექტი 89,999,000 ლარად შესთავაზონ, რაც მთელი 10 მილიონი ლარით უფრო ნაკლებია, ვიდრე კომპანია Technoalpin-თან გასაფორმებელი კონტრაქტი.
თავად MTA აცხადებს, რომ HTI Group – Demaclenko-მ ვერ დააკმაყოფილა ტენდერით მოთხოვნილი გამოცდილების პუნქტები, რაც კომპანიის წინა პროექტების ღირებულებას უკავშირდებოდა. თუმცა, თავად Demaclenko, რომელიც გათოვლიანების სისტემების პროექტირება მონტაჟის ერთ-ერთი ლიდერია მიიჩნევს, რომ გამოცდილების მუხლებიც სახელმწიფო სააგენტომ Technoalpin-ს მოარგო.
“ბაზრის კვლევის პირველივე დღიდან ჩანდა, რომ პირობები იყო მორგებული მხოლოდ ერთ კომპანიაზე – Technoalpin-ზე და კრიტერიუმი იმგვარად იყო მომზადებული, რომ შესყიდვის პროცესში ამ აპლიკანტის გარდა სხვას არავის მიეღო კონკურსში მონაწილეობა.
ამის მიუხედავად, HTI Group Demaclenko-მ მოამზადა სრული სატენდერო წინადადება და დოკუმენტაცია, რაც MTA-ს 9 მაისს წარდეგინა. ყველა კრიტერიუმი, რაც კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, ასევე გამოცდილებას და მსგავსი პროექტების სიას, ასევე ISO სერტიფიკატს უკავშირდება არცერთხელ არ გამხდარა შენიშვნის საფუძველი, იქამდე სანამ MTA-მ ამის შესახებ 21 მაისს განაცხადა.
ჩვენ გვსურს მოვიწვიოთ ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე MTA-ს და საქართველოს მედიის წარმომადგენლები, იტალიაში ჩვენს სათაო ოფისში და წარვუდგინოთ ის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს კომპანიას გათოვლიანების სისტემების მიმართულებით აქვს. ჩვენ მზად ვართ გაჩვენოთ ალპების წამყვანი კურორტების ტრასები, რომლებიც სწორედ Demaclenko-ს ტექნოლოგიებს იყენებენ და რომლებსაც წარსულში საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატებისთვის უმასპინძლიათ.
კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ინტერესი საქართველოს მხარდაჭერის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, მზად ვართ გავაკეთოთ ეს პროექტი ფაქტობრივად ნულოვანი მოგების მარჟით და შევამციროთ პროექტის საერთო ფასი 89,999,000 ლარამდე.
ჩვენი მხრიდან განახლებული წინადადება საქართველოს ხელისუფლებას 23 მაისს გაეგზავნება,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.